საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს განათლების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად დასახელდა. ბოლონიის წევრობა (2005 წლის მაისი) და იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტობა (2010 წლის იანვარი) ამ  წარმატებებისა და მიღწევების საერთაშორისო აღიარების დასტურია.

 განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების უფრო მეტად სრულყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საკმაოდ ამბიციურ პროექტს - ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” (“Teach  and Learn with Georgia”) იწყებს. პროექტი საქართველოში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის წარმატებით განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რადგან არა მხოლოდ ევროპულ ენებს დაეუფლებიან, არამედ დასავლურ ღირებულებებსა და კულტურას გაეცნობიან.